26 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
თავდაცვის ახალი კოდექსი და ახალი გადაწყვეტილებები - სამხედრო სავალდებულო სამსახური სტუდენტებს აღარ შეეხებათ

თავდაცვის ახალი კოდექსის პირველმა ვარიანტმა პირველი ცვლილება უკვე განიცადა - სამინისტრომ კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ჯარში წასვლა სავალდებულო აღარ იყოს. უწყების ინფორმაციით, ეს ნებაყოფლობით მოხდება და სტუდენტის ინტერესებს მოერგება. ახალი კოდექსი ცვლილებებს სხვა მიმართულებითაც მოიცავს, მათ შორის იმას, რომ ყველა წვევამდელი მხოლოდ სამხედრო ფუნქციას შეასრულებს და თავდაცვის ძალებში იმსახურებს. შემცირდება სავალდებულო სამსახურის 12 თვიანი ვადაც. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი კოდექსის მთავარი მიზანია აღმოფხვრას ის ხარვეზები, რომელიც ამ ეტაპისთვის მოქმედ კოდექსში არსებობს.

სწორედ ახალი კოდექსი გახდა რუსთაველზე მოქალაქეების შეკრების მიზეზი. "გირჩის" ორგანიზებით გამართულ აქციას დღეს ახალგაზრდები შეუერთდნენ - მთავარი მოთხოვნაა: ჯარი იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ იძულებითი სავალდებულო საქმიანობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვერ გაზრდის.

აქცია "გირჩმა" ჯერ კიდევ ახალი კოდექსის საკომიტეტო განხილვების დროს დააანონსა. პარტიაში ამბობენ, რომ მათთვის განსაკუთრებით მიუღებელი ვალდებულებისა და აუცილებლობის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ "გირჩს" თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება - სტუდენტების ჯარში წასვლის ნებაყოფლობითობა მოსწონს, პარტიაში მაინც ფიქრობენ, რომ ახალი კოდექსი ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს. მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

"გირჩის" პოზიცია მიუღებელია თავდაცვის უწყებისთვის. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მსგავსი შეხედულება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. გრიგოლ გიორგაძე ფიქრობს, რომ გირჩის მთავარი დაინტერესება ამ პროცესში ფინანსური დივიდენდების დაკარგვის რისკია.

"გირჩის" შეხედულებებს არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილიც, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, რომელიც კოდექსის შემუშავებაში თავადაც იყო ჩართული. მოქალაქეების ლიდერი ამბობს, რომ პირიქით, რეფორმა სწორედ ჯარის გაძლიერებას ემსახურება, შესაბამისად ის თავდაცვის ახალი დოკუმენტის მხარდაჭერას აპირებს. ჯერ პოზიცია არ ჩამოუყალიბებია გიორგი გახარიას პარტიას.

ქართული ჯარის ინსტიტუციური, რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაძლიერება - თავდაცვის მინისტრი ახალი კოდექსის მთავარ მიზნად სწორედ ამას ასახელებს. ჯუანშერ ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ, თავდაცვის საკითხების მიმართულებით საზოგადოების ინტერესი კუთხით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ძალოვანი უწყების მინისტრმა დღეს ის მიზეზიც განმარტა, თუ რატომ შეიცვალა სტუდენტებისთვის სავალდებულო ნაწილი ნებაყოფლობითობით . საკითხს აფასებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც.
.
თავდაცვის ახალი კოდექსი, დამტკიცების შემთხვევაში, 2025 წლიდან ამოქმედდება.

დღის ამბები