26 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
კანადა არ მიიღებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო იქნება - როგორ აფასებენ ოპოზიციაში კანადის მთავრობის გადაწვეტილებას უცხოური გავლენის რეესტრის შექმნაზე

კანადის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. საუბარია უცხოური გავლენის რეესტრის შექმნაზე, რომელმაც ქვეყანა შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან უნდა დაიცვას.

ენმ-ის წევრი, გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ კანადა არ მიიღებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მისი ინტერესების წინააღმდეგ მყოფი ქვეყნის სასარგებლოდ იქნება მიღებული.

"ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა არის ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელი ქმედებაც იქნება რუსული კანონისა და რუსული ინტერესებისკენ მიმართული, და მთავარია, აქ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქართული კანონმდებლობა შევქმნათ და არა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ ევროპულ ინტეგრაციაში შეგვიშლის ხელს.

ჩვენ ვნახეთ კონკრეტული კანონი, რომელიც სწორედ რუსული ინტერესების გატარებას ემსახურებოდა. დარწმუნებული ვარ, ყველა ის განვითარებული ქვეყანა, მათ შორის, კანადა არ მიიღებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო იქნება," - განაცხადა გიორგი ბოტკოველი.

"გირჩში" კი ამბობენ, რომ მსგავსი კანონის არსი სახიფათო შინაარსისაა და მისი მიღება ნებისმიერ ქვეყანაში არასწორია.

"ეს კანონი ძალიან სახიფათო კანონია და მისი მიღება იმ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს გამართული ინსტიტუციები, არის უზარმაზარი რისკის შემცველი. ჩემი აზრით, კანადაშიც არასწორია და ამერიკაშიც არასწორია ეს კანონი. პრევენცია, რითაც უნდა ვებრძოლოთ ჩვენს არასამხედრო ძალით მოქმედ მტრებს, არის სწორედ თავისუფალი მედია და სიტყვის თავისუფლება, სადაც კამათში დაუმტკიცებ ვიღაცას, რომ არასწორია," - განაცხადა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციებს დაიწყებს. უკავშირდება თუ არა კანადის მთავრობის გადაწყვეტილება, ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობების გავრცელებას? - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აანონსებს, რომ დეტალები ცნობილი მალე გახდება.

დღის ამბები