26 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტმა ფინეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინს უმასპინძლა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მათ თავდაცვის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებზე და ევროკავშირის სტრუქტურებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ზელენსკის თქმით, ის ნორვეგიის თავდაცვის მინისტრსაც შეხვდა.

"კიევში ფინეთის პრემიერ-მინისტრს ვუმასპინძლე. უკვე გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადავუხადე, ამასთან, განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები თავდაცვის გასაძლიერებლად. ასევე ვისაუბრეთ, ევროკავშირის სტრუქტურებში თანამშრომლობაზე და რუსი მკვლელების დასასჯელად ჩვენი ინიციატივების მხარდაჭერაზე.
შევხვდი ნორვეგიის თავდაცვის მინისტრსაც. სწორედ მათი წყალობით გავაძლიერეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა და არტილერია. ნორვეგიამ, ასევე დაიწყო უკრაინის გრძელვადიანი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამა 7 მილიარდით 5 წლის განმავლობაში, რომელიც მაგალითი უნდა გახდეს ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის. განვიხილეთ დამატებითი ნაბიჯები, რათა ეს გაზაფხული წარმატებული იყოს როგორც უკრაინის თავდაცვის, ასევე პანევროპული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ობიექტებისა და ქსელების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.

"მთელი დღე ვიღებთ ცნობებს რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ჩვენი ენერგეტიკული ობიექტებისა და ქსელების აღდგენის შესახებ. ხარკოვში შესაძლებელი გახდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ელექტროენერგიით მომარაგება, ზაპოროჟიაში კი, ყველაფერი კეთდება ქალაქის ენერგეტიკული სისტემის დასაცავად. კიევში მიმდინარეობს გათბობის ქსელების აღდგენა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები