"ქალები პოლიციაში" - საქართველო მე-10 საიუბილეო კონფერენციას მასპინძლობს. სამართალდამცავ სტრუქტურებში ქალების გაძლიერება და მათი როლის გაზრდა მსჯელობის მთავარი საგანია.
სპეციალურად საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ევროპისა და აზიის 20 ქვეყნიდან 200-მდე ქალი პოლიციელი ესტუმრა, რომლებმაც ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიება აშშ-ის საელჩოს მიერაა ორგანიზებული. გახსნას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ტოდ რობინსონი, რომელიც თბილისში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრას გეგმავს.
"ჩვენ ვზეიმობთ ქალებს პოლიციაში, იმ როლს, ღვაწლსა და მნიშვნელობას, რომლებიც მათ აქვთ სამართალდამცავ უწყებებში. შეხვედრები მექნება ქართველ პარტნიორებთანაც, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. მახარებს შესაძლებლობა, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ტოდ რობინსონმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიესალმება შესაძლებლობას, რომელიც სამართალდამცავ ქალებს ეძლევათ.
"მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავ ქალბატონებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში შეძლონ ერთმანეთთან იმ გამოწვევებზე საუბარი, რომელიც ზოგადად არსებობს მთელ მსოფლიოში სამართალდამცავ უწყებებში და იპოვონ ასევე ის გადაჭრები, რომლითაც ეს პრობლემები გადაიჭრება," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.