პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას, "აითიბი ბერლინ 2023-ს" ოფიციალურად გახსნის. გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის მეთაური, სტუმრებს სიტყვით საზეიმო გახსნაზე მიმართავს.
ტურისტული გამოფენა კი ხვალ გაიხსნება და 9 მარტამდე გაგრძელდება. "უსაზღვრო სტუმარ მასპინძლობა" - ამ სლოგანით წარდგება საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე.
"აითიბი ბერლინს" მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. საქართველოს პერსონალურ სტენდზე საიმიჯო ბანერები, ფოტოები თუ ლოგოები - გერმანიის დედაქალაქში ჩასულ სტუმრებს საქართველოს შესახებ უყვება. გამოფენა ქართული გალა-კონცერტით გაიხსნება.
"უდიდესი ინტერესი არის ჩვენი ქვეყნისადმი საერთაშორისო მედიის მხრიდან. ჩვენ როგორც მასპინძელ ქვეყანას წილად გვხვდება 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგული დაფარვა, რაც მოიცავს ტელე, რადიო, ისევე როგორც ბეჭდურ მედიას. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაზარდოს ცნობადობა და დაეხმაროს ადგილობრივ კერძო სექტორს იმისთვის, რომ ამოიზიდოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.