26 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ძიძა სასეირნოდ გაყვანილ ბავშვს მოწყალების თხოვნას აიძულებდა - რას ჰყვება "კურიერი პიესთან" ერთ-ერთი მშობელი

მშობლების უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, რომ ძიძის მიერ სასეირნოდ გაყვანილი ბავშვი, შესაძლოა, აღმზრდელისგან ძალადობის მსხვერპლი იყოს.

ერთ-ერთი მშობელი ნინო ბურდული "კურიერი პიესთან" იხსენებს, რომ ძიძის მხრიდან ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ უფროსი შვილის მიერ გადაღებული ვიდეოდან სრულიად შემთხვევით შეიტყო.

"ერთ დღეს როდესაც მოვედი სახლში, შევამჩნიე რომ ბავშვს ყურზე ჰქონდა სისხლნაჟღენთი. ვიფიქრე ალბათ დაეცა, ან შეიძლება ბურთი მოხვდა. როდესაც ვკითხე ძიძას, ძიძამ მითხრა კოღოს ნაკბენს ჰგავსო, რაც არარეალურად მეჩვენა. ჩემმა უფროსმა შვილმა გადაიღო ვიდეო, რომელიც შემდეგ მაჩვენა და სადაც ჩანს, რომ ბავშვს არ უნდოდა სახლში წამოსვლა, გაჯიუტდა, ამ დროს კი ძიძამ ქუდი ახადა, ამ ქუდს უკან ბალთა ჰქონდა და იმ ნაწილით დაარტყა ყურზე," - ჰყვება ერთი მშობელი ნინო ბურდული.

მშობელს სახლში ვიდეო სათვალთვალო კამერაც ჰქონდა დამონტაჟებული. თუმცა, აღმზრდელი კამერის თანდასწრებით არასრულწლოვანის მიმართ მხოლოდ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავდა. იყო კიდევ ერთი ინციდენტი, რომელიც როგორც ნინო ბურდული ჰყვება, მის ახლობელს შეემთხვა.

"ქალბატონი, რომელიც აიყვანეს მაგათი ახლობლის ოჯახში, ისიც ძალიან კარგად იქცეოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი შუადღეს სასეირნოდ გაეყვანა, ბავშვთან ერთად გადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. მშობლები ამ ფაქტს ვერ აღმოაჩენდნენ, რომ არა ის შემთხვევა, როდესაც მამა უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტს," - ამბობს ნინო ბურდული.

მშობლები სოციალურ ქსელში ძიძების მხრიდან უხეში მოპყრობის ფაქტებზე ხშირად საუბრობენ. დედები ამბობენ, რომ სახლში დამონტაჟებული კამერების მეშვეობით იგებენ, რომ აღმზრდელები ბავშვებს არასათანადოდ ექცევიან.

როგორც ბავშთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, მარიამ შოვნაძე ამბობს, ძიძის მხრიდან ბავშვზე ძალადობა, არასრუწლოვნის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, მშობელმა ძიძის არჩევისას, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

დღის ამბები