რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და არამხოლოდ მათთვის, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ეს არის ადგილი, სადაც სხვასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მივიდნენ და ისარგებლონ.
3 სართულიან თანამედროვე ტიპის შენობაში განთავსდება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი და სპეციალური სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის.
შენობა 2024 წელს დასრულდება. ამის შემდეგ კი ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვება. პროექტის ღირებულება 18 მილიონი ლარია. ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდულ ცენტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქართველ ახალგაზრდებს ხშირად მიმართავდა. ფიქრობდა, რომ მომავალ თაობას ქვეყნის უკეთესობისკენ ბევრი რამის შეცვლა შეეძლო. ამისთვის კი მთავარ გზად ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებასა და განათლების მიღებაში ხედავდა.
მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის შენობას საძირკველი უკვე ჩაეყარა. ახლა პირველი სართულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.