26 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს.

"მოქალაქეების" ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით კენჭისყრა, შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს.

სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა.

ოპოზიციის ნაწილი მის კანდიდატურას მხარს უჭერს.

"ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება მხარს უჭერს კანონს და ამ პროცესში მთლიანად გადახაზა მან სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოებასთან ნულოვანი კონსულტაციებით, მათი პროცესიდან გარიყვა და მოქმედი პოლიტიკოსის დასახელება ორმაგად არასწორად მიმაჩნია," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

"ქართული ოცნება" კი გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებს.

"კანდიდატურაზე კიდევ ჩამოვყალიბდებით მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდ პირადი მოსაზრება გაგიზიაროთ და გითხრათ, რომ ეს კარგი კანდიდატურაა ერთმნიშვნელოვნად იმის გათვალისწინებით, რომ პირადად ვიცი მისი კვალიფიკაცია და პირადი თვისებები, რომელიც ვიტყოდი, რომ ძალიან სასარგებლო თვისებებია საიმისოდ, რომ კარგი სახალხო დამცველი იყოს ბატონი ლევანი, თუმცა ვნახოთ იქ არის გარკვეული საკითხები, რომელიც აუცილებლად მოითხოვს მსჯელობას და ამ მსჯელობის შედეგად უკვე გვექნება ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები