38 წლის მამაკაცი მეგობრებთან და სხვა ქომაგებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს თამაშზე, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ მიდიოდა, თუმცა კაპოდიჩინოს აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის დროს აიყვანეს.
ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩასული ქართველის დაკავება, იტალიიური მედიის მთავარი თემა გახდა. ადგილობრივ პრესაში წერენ, რომ ქართველი ქომაგის დაკავების მიზეზი წლების წინ, საბერძნეთში ჩადენილი დანაშაული გახდა, რის გამოც ის 2012 წლიდან ძებნილთა ნუსხაშია.
იტალიური მედიის ცნობით, ირაკლი ნარიმანიძე ნეაპოლში წინა დღეს აღებული პასპორტით შევიდა.
"კურიერი" ნაპოლი-ლაციოს საგულშემატკივროდ, საქართველოდან წასულ კიდევ ერთ პირს ესაუბრა, რომელიც ირაკლი ნარიმანიძის დაკავებას შეესწრო. მეგობრები ახლა დაკავებულის მდგომარეობის და მოსალოდნელი პროცედურების დაზუსტებას ცდილობენ.
"კურიერი" თბილისში, დაკავებულის საცხოვრებელ მისამართზე მივიდა. ოჯახი კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებენ, რომ ირაკლი ნარიმანიძეს საბერძნეთში სამართლებრივი პრობლემები ჰქონდა.
როგორ ახერხებდა 10-წლიანი ძებნის განმავლობაში მიმალვას საბერძნეთის მიერ დაუსწრებლად გასამართლებული ნარიმანიძე - გამოძიება სავარაუდოდ ამ საკითხითაც დაინტერესდება.
დაკავებული ნეაპოლის იზოლატორშია მოთავსებული. რა სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება ჯერ უცნობია. მოსალოდნელია, რომ საქართველოს დაკავებული მოქალაქის ექსტრადირება საბერძნეთმა უახლოეს დღეებში მოითხოვოს, სადაც ირაკლი ნარიმანიძეს 2 ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.