ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 17 მაისს, საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვის გამო ძალის გამოყენებით დაკავებული ქვიარ აქტივისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო მე-13 მუხლის განხილვის საჭიროება არ არსებობს.
ამასთან, ევროსასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტებს კომპენსაციის სახით გადაუხადოს შემდეგი ოდენობა: 2 000 ევრო თითოეულ აპლიკანტს და, ამასთანავე, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის თვალსაზრისით, კონვერტირებული გადახდის თარიღისას მოქმედ სახელმწიფო ვალუტაში.
Netgazeti-ის ინფორმაციით, ქვიარ აქტივისტები 2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, დილის 5 საათზე ორ სხვადასხვა ადგილას, საპატრიარქოსთან და რუსთაველის გამზირზე, დააკავეს.
საპატრიარქოსთან დააკავეს 7 პირი, ხოლო რუსთაველის გამზირზე — 3. აქტივისტებმა ასფალტსა და საპატრიარქოს ღობეზე სტენსილით დახატეს ცისარტყელას დროშა და დაწერეს Fuck Homophobia and Transphobia, რა დროსაც ისინი დააკავეს.
აპლიკანტი ქვიარ აქტივისტებიდან ერთ-ერთის, გვანცა ძერყორაშვილის თქმით, აღნიშნული საქმე უპრეცედენტოა იმით, რომ საქმეში პირველად ფიგურირებს საქართველოს საპატრიარქო, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვიარ თემის რესპრესირებაში. გვანცა აღნიშნავს, რომ ქვიარ საქმეების დოკუმენტირება და საერთაშორისო მასშტაბით გატანა ქვიარ ბრძოლის ნაწილია.
“მე-5 მუხლის პირველი პუნქტი დაკმაყოფილდა ევროსასამართლოს მიერ, რომელიც შეეხება უსამართლოდ და უკანონოდ დაკავების საკითხს. ამ ნაწილში ევროსასამართლოს საკმაოდ ძლიერი არგუმენტები აქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია. სასამართლოს მსჯელობაში საკმაოდ კარგად ჩანს სახელმწიფოს თავგასულობა, თვითნებურობა და ჰომოფობიური სიძულვილი ქვიარ თემის მიმართ. ეს საქმე უპრეცედენტო იმითაცაა, რომ მაგალითად, 2012 და 2013 წლის საქმეებში, ჩვენ მხოლოდ სახელმწიფოს ვადანაშაულებდით ძალადობაში. ამ საქმეში კი, პირველად ფიგურირებს საქართველოს საპატრიარქო, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვიარ თემის ჩაგვრასა და მრევლში ქვიარ თემის მიმართ სიძულვილის გაღვივებაში. საპატრიარქოს დაწესებულია ოჯახის სიწმინდის დღე, რომელსაც 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს სრულიად საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, სადაც 2012-2013 წლებში ათასობით მოწინააღმდეგე საპატრიარქოს კურთხევით ქვიარების დასახოცად გამოვიდა. 2016 წლის 17 მაისს, წარწერა “Fuck homophobia and transphobia” სწორედ საპატრიარქოს კედელზე გავაკეთეთ, რასაც ჩვენი უკანონოდ დაპატიმრება მოჰყვა და რაც ევროსასამართლომ დარღვევად და უკანონოდ ცნო. არავის აქვს ილუზია, რომ ამ საქმის შემდეგ ჰომოფობიური სიძულვილი ქვეყანაში აღმოიფხვრება ან და სისტემა უფრო ინკლუზიური გახდება, მაგრამ მსგავსი საქმეების დოკუმენტირება და საერთაშორისო მასშტაბით გატანა ქვიარ ბრძოლის ნაწილია და ეს ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ”, — აცხადებს გვანცა ძერყორაშვილი.
ევროპულ სასამართლოში, საქმეზე ძერყორაშვილი და სხვები სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქვიარ აქტივისტების სახელით განცხადება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (იმ დროინდელი EMC – ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი) წარადგინა. საქმეს EMC პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრთან ერთად (EHRAC) აწარმოებს.
საქართველოდან გაგზავნილი სარჩელის მიხედვით, EMC დავობდა სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (აიდაჰო) აღნიშვნის მიზნით ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი) შეზღუდვასა და 17 მაისს ალტერნატიული პროტესტის ფორმების გამოყენების დროს, პოლიციის მიერ ლგბტ აქტივისტების გაუმართლებელი და უკანონო დაკავების დროსა და მას შემდეგ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლებისა და მათთან კავშირში მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე.
EMC-ის განმარტებით, კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევის კონტექსტში, განმცხადებლები ამტკიცებენ სახელმწიფოს მიერ ლგბტ პირთა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც, მათ შორის, გამოიხატა სახელმწიფოს მიერ ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის აქციის ჩატარებისთვის არაადეკვატური ალტერნატიული სივრცეების შეთავაზებაში, აქტივისტებთან შეკრების სივრცის შერჩევასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებასა და უსაფრთხოების საკმარისი გარანტიების თაობაზე დაპირების არ მიცემაში.
ამასთან, ევროპული კონვენციის სხვა მუხლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, განმცხადებლები 2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოს შენობასთან სტენსილების დახატვის გამო 6 ლგბტ აქტივისტის დაკავებისა და დაკავების შემდგომ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე დავობდნენ. კერძოდ, განმცხადებლები უთითებენ, რომ ისინი მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების გამო დააკავეს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე), რაც მხოლოდ 50 ლარის ჯარიმის სახით სანქციას ითვალისწინებს, მათი 12-საათიანი დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება კი არ არსებობდა და მათი არაფორმალური დასჯის ფორმას წარმოადგენდა. აქტივისტები სამოქალაქო ტანსაცმლიანმა პირებმა კანონის მოთხოვნების დარღვევით და აგრესიული ფორმებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს.
ორგანიზაციის განმარტებით, EMC განაცხადში მიმოიხილავდა ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორებისა (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის, ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, ამნესტი ინტერნეიშენალის,ჰიუმან რაითს ვოთჩის) დასაქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებებს.
აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, EMC ევროპულ სასამართლოს საქმის ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას სთხოვდა და იმედს გამოთქვამდა, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს საქართველოს მთავრობის მიერ ლგბტ თემის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვის პროცესში.