26 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
პარლამენტის ორმა კომიტეტმა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტებს მხარი დაუჭირ

პარლამენტის ორმა კომიტეტმა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

საუბარია საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტებზე. კანონპროექტების მხარდაჭერამდე დოკუმენტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური და დაპირისპირება იყო ასევე პარლამენტის დერეფანშიც.

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტის სახელწოდება შესაძლოა მეორე მოსმენაზე გადაიხედოს. 

"ის, რომ დღევანდელი ორივე კანონპროექტი, ემსახურება ფინანსურ გამჭვირვალობას, ეს იმითაც დაინახა საზოგადოებამ, რომ არავის არ უთქვამს, ფინანსური გამჭვირვალობა, როგორც პრინციპი არ არის საჭიროვო.

რაც შეეხება დეტალებს, ეს სათაური იქნება თუ სხვა-არაერთხელ განიმარტა რეგლამენტის შესაბამისად, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ, რომ ეს მეორე მოსმენის დროს განვიხილოთ. ასევე რაზეც იყო საუბარი, რომ საჯარო რეესტრში არის ეს ინფორმაცია, კონკრეტულმა მაგალითებმა დაადასტურა, რომ არ არის არც საგადასახადოში და არც ფინანსთა სამინისტროში, ასეთი ტიპის ინფორმაციები,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

რაც შეეხება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებას. ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს კანონპროექტზე მხარდაჭერას სთხოვა, რათა საკითხი შემდგომი განხილვისთვის იურიდიულ კომიტეტს გადაეცეს. 

"კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობის და ანგარიშგების პრინციპს. შევიტანოთ დასკვნაში, რომ ტერმინებთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულ კანონპროექტში, ამ ტერმინებს სჭირდება გადახედვა და შემდგომი დისკუსია.

ჩვენ გადავცეთ ეს საკითხი წამყვან კომიტეტს და მინდა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს გთხოვოთ მხარდაჭერა, რომ ეს საკითხი გადაეცეს იურიდიულ კომიტეტს. რაც შეეხება ე.წ. ამერიკულ ვერსიას, ამასაც გთავაზობთ, რომ გადავცეთ იურიდიულ კომიტეტს განსახილველად,"-აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე. 

ამასთან, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში პროტესტი გამოხატეს ამბობენ, რომ კანონპროექტები სინამდვილეში რუსული კანონის ანალოგია და ის საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას აფერხებს.

ოპოზიციამ მოგვიანებით კომიტეტის დარბაზიც დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კანონპროექტები შემდგომი განხილვისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

დღის ამბები