26 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ექიმის თქმით, მან ექსპრეზიდენტის შეურაცხმყოფელი სიტყვები ვეღარ აიტანა და სააკაშვილის მკურნალობაზე უარი თქვა - ექიმთან უთანხმოებას არ უარყოფს გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის უკვე ყოფილი მკურნალი ექიმი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, მსჯავრდებულის მკურნალობაზე უარი თქვა და გადაწყვეტილება კლინიკის ხელმძღვანელებსაც აცნობა. თამარ დავარაშვილმა გუშინ ღამის კურიერში, დღეს კი მედიასთან კიდევ ერთხელ თქვა , რომ პატიმრის მიზანი ციხიდან თავის დაღწევაა, რისთვისაც ის კალორიებს ითვლის, შეგნებულად არ იკვებება სრულფასოვნად რომ კახექსიის მდგომარეობამდე მივიდეს და სასჯელისგან გათავისუფლდეს.

თამარ დავარაშვილის გადაწყვეტილებაზე განმარტება დღეს "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმაც გააკეთა. ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არც ექიმს ემორჩილებოდა და არც მის რეკომენდაციებს ითვალისწინებდა, რის გამოც კლინიკამ სააკაშვილს ახალი მკურნალის ექიმი დაუნიშნა.

ექიმთან უთანხმოება ვერ უარყო ყოფილი პრეზიდენტის დედამ. გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, მის ორგანიზმში მძიმე მეტალებია, და ამის გამო საკმარის კალორიებს ვერ იღებს.

თამარ დავარაშვილის არ სჯერათ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში აცხადებენ, რომ ექიმი სააკაშვილის მდგომარეობაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და არა პაციენტის, არამედ გარკვეული პოლიტიკური გეგმის შესაბამისად მოქმედებს.

სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმის განცხადებებს დღეს მმართველი გუნდიც გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილმა თვითდაზიანების პოლიტიკური გეგმა დღის წესრიგიდან უნდა მოხსნას და რევოლუციურ სცენარებში ჩართვის ნაცვლად მისმა გარემოცვამ, ექსპრეზიდენტის გადარჩენასა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

სასჯელის გადავადების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომაც იმსჯელა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა.

 

ავტორი: ანი ბუავა

დღის ამბები