26 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
სხვა პრობლემა არ არის? ხალხი ხუთი ლარის საშოვნელად წვიმაში რომ ზის, იმას ფიქრობს, აგენტების კანონი მიიღონ, ესღა დარჩაო? - ალეკო ელისაშვილი

"ჯიპებიდან" შეიძლება არ ჩანს, მაგრამ გავიდეთ ქუჩაში, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ, ხალხი ტალახში და წვიმაში რომ არის, იმას ფიქრობს, ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ, ესღა დარჩაო? სხვა დარდი, სხვა პრობლემა ქვეყანაში არ არის? , – ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "ხალხის ძალის" კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ქვეყანაში არაერთი პრობლემაა და პარლამენტმა იმაზე უნდა იზრუნოს.

"არ ვიცი, როგორი სხდომაა ეს. ამ პარლამენტში რომ შემოვდიოდი, თან იცით, როგორი გზითაც შემოვედით, რა ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, მიგვაჩნდა, რომ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. იმას ვფიქრობდი და იმ განცდით მოვედი, რომ რაღაცას გავაკეთებ-მეთქი, არის პარლამენტი, საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, საზედამხედველო ორგანო, ბევრი ბერკეტია. მე თვითონ საშინელი გაჭირვება გამომივლია და ვერავის გავაკვირვებ ჩემი ოჯახის გაჭირვებით, ისევე, როგორც იმედი მაქვს, თქვენც იცით და მგრძნობელობა ბოლომდე არ დაგიკარგავთ, დღესაც როგორ უჭირს ქვეყანას. ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, რომ ხალხს უჭირს, ამ წუთსაც მთელი შემადგენლობით წავიდეთ ნავთლუღის ბაზარში და ვნახოთ ტალახში, წვიმაში, თოვლში, უბედურებაში ხუთი ლარის საშოვნელად რომ ზის ხალხი ქუჩაში, შვილს ორი ლუკმა მიუტანოს. არაფერს ვაჭარბებ, ან აგერ, მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩავიდეთ აბა, ხალხი დღეს და ღამეს ათენებს და შემოგვყურებს, რომ ავირჩიეთ და ჰალსტუხები გაუკეთებიათ, იქნებ, ქვეყნისთვის სასიკეთო რაღაც გააკეთონო, რათა იძულებული არ გავხდე, დევნილად ჩავბარდე. პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში? ნიკა, ეს მინდა გკითხო, სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყო, რომ ეს რაღაც დავიდარაბა არ შემოგატანათ? თქვენთვისაც ნერვები არ დაგეწყვიტათ, ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც, ვინც ახლა გვიყურებს. სხვა პრობლემა არ იყო? უკვე აბსოლუტურად ყველაფერი მოვაგვარეთ, ერთი დარჩა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა მუხლჩაუხრელად შრომობენ, უკეთესი ქვეყანა იყოს. თბილისის ამქრის თავმჯდომარე ვიყავი, ხომ გიხაროდათ გუდიაშვილის მოედანი რომ კარგად გაკეთდა ჩემი და ჩემი მეგობრების ნერვების ხარჯზე, აგენტები ვიყავით ჩვენ და ჯაშუშები? იმელის შენობა რომ დგას, საშიში რომ იყო აქციაზე, რამდენი იდექით ჩემთან ერთად. ჯაშუში ვიყავი, აგენტი ვიყავი და ეს უნდა მიძახოთ მერე? სხვა დარდი არ არის ამ ქვეყანაში? რატომ აკეთებთ ამას ან ვერ ხვდებით, რომ სხვა პრობლემებია? კითხვა მაქვს მთავარი, ამდენი ხნის განმავლობაში სხვა პრობლემა ვერ დაინახეთ და თან ჩვენი მეგობრები რომ გვეუბნებიან, ვისაც 30 წელია, ჩვენი ქვეყანა ხელის გულზე უჭირავს, რუსის ტანკი რომ თბილისში არ შემოვიდა, იმათი დამსახურებაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ უღიარებიათ, იმათი დამსახურებაა. ვის ვის და შენ ხომ კარგად მოგეხსენება, ნიკა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არ ეშინიათ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების ეშინიათ, რომ ყველას უთხრან, არ გაბედოთ.

ხორბალი რომ შემოგვიტანეს, საჭმელი რომ არ იყო და რას ვჭამდით, ღმერთმა უწყის, ის ხალხი რომ გვეხმარებოდა და ახლაც გვეუბნებიან, ნუ აკეთებთ ამასო, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც ერთი ერთში გააკეთა პუტინმა, ერთი ერთში გააკეთა რუსეთმა და გვეუბნებიან, გინდათ ჩვენთან? გინდათ, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოთ? მაშინ ნუ აკეთებთ ამას და რატომ აკეთებთ? სხვა დარდი, სხვა პრობლემა ქვეყანაში არ არის? გეუბნებით, წავიდეთ, გავიდეთ ქუჩაში, ჯიპებიდან შეიძლება არ ჩანს, მაგრამ წამოდი აბა, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ, ხალხი ტალახში და წვიმაში რომ არის, იმას ფიქრობს, ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ, ესღა დარჩაო? ხომ არ ფიქრობს ამას, ლუკმა- პურის შოვნა რომ უნდა ხალხს. მეორე, ყველა გირჩევს, ნუ აკეთებ ამას, საით მიდიხარო, გვეუბნებიან, შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ყველა. ხომ იცით, ჩემზე კარგად იცით, რაზეც ვლაპარაკობ და მაინც ამას რატომ აკეთებთ? ალალად გვითხარი, რომ გვინდა რუსეთი, პატიოსნად გვითხარი რა," – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, კომიტეტის სხდომაზე ელისაშვილმა განაცხადა, საქართველო რუსეთი არ გახდება.

"სულაც არ მინდა, ამაზე ვლაპარაკობდე, ვეტერანებზე მინდა ვილაპარაკო. რა დროს ეს არის, რატომ აკეთებთ ამას, რას აკეთებთ და პერსპექტივას უკლავთ ამ ქვეყანას, მაშინ ალალად მითხარი და უფრო პატიოსანი კაცი იქნები, ეგეთი ხოში გვაქვს, რომ რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა? არ გახდება რუსეთი, ეს არის საქართველო, აღარ გახდება რუსეთი და რაც გინდათ, მიიღეთ," – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები