26 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
უკან გაიწვიეთ კანონპროექტი, დაასრულეთ თამაში საქართველოს მომავალთან - არმაზ ახვლედიანი

საქართველოში 30 წლის განმავლობაში ვერავინ გაიტანა, რომ წინ დასდგომოდა დასავლურ კურსს, ამას არ გაგატანინებთ, გამორიცხულია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ.

"აქ სხვებსაც გვაქვს ხმა. მე გაგაგონებთ ახლა ჩემს ხმას. მეგობრებო, ჩვენ ამასობაში მთავარი რამ არ დაგვავიწყდეს. ვინც არ იცით, მე ვარ არმაზ ახვლედიანი. მთავარი არ დაგვავიწყდეს, ახლა რას განვიხილავთ?! რა კანონპროექტი შემოვიდა პარლამენტში?! ეს არის საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე უარის თქმას. ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თქმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება ნორმალური მომავალი. ვინც მზად ხართ, ამას მხარი დაუჭიროთ, დაუჭირეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამით დამთავრდება ეს პარლამენტი, დამთავრდება ეს თავხედობა და ამას არავის გაგატანინებთ, იცოდეთ ყველამ. მე თქვენ ყველას კარგად გიცნობთ, ყველაფერი კარგად ვიცი, ამიტომაც იცოდეთ, რომ ეს აქ ვერ გავა. საქართველოში ვერავინ გაიტანა 30 წლის განმავლობაში, რომ წინ დასდგომოდა დასავლურ კურსს, თქვენ ამას არ გაგატანინებთ, გამორიცხულია. ამიტომაც გაიწვიეთ უკან, დაასრულეთ ეს თამაში საქართველოს მომავალთან. და თუ თქვენ არ დაასრულებთ ამ თამაშს, იცოდეთ, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს ამ მმართველობას. იმიტომ რომ, ეს არის სირცხვილი, სირცხვილი და მავნებლობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ასე რომ, მეგობრებო, გისმინეთ, გითმინეთ, იცოდეთ, რომ თქვენ ხალხი არ მოგითმენთ. თქვენ ხალხი ვეღარ მოგითმენთ. ეს არის ზღვარგადასულობა. ამის შემდეგ ნიშნავს ჩემი სახელმწიფოს, ჩემი სამშობლოს ინტერესების გაყიდვას და ღალატს. ვინც თქვენ ამას გაგიტარებთ, ვინც გაპატიებთ, იმათთან შეკარით ალიანსი," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

დღის ამბები