საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მაგალითად სპორტსმენების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი თავის დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და ინდივიდუალურ შემთხვევებთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"აბსოლუტურად არანაირი დისკრიმინაციული ელემენტი არ არის. ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფის შემადგენლობაში საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებას, ინიცირებას. საპარლამენტო განხილვები დავიწყეთ, ფაქტობრივად არც ერთი რელევანტური შენიშვნა და კითხვა იქ არ ყოფილა. ესეც ერთ-ერთი სპეკულირების საგანია, რომ ვთქვათ იქნება რაღაც განსხვავებული რეჟიმი. პირიქით, ის რაც იყო თავის დროზე, ასე ვთქვათ დაშვებული, ჩვენ არ შევედით კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსში, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის პრიმატი. ჩვენ დავუშვით ის ხარვეზი რაც მოხდა აქამდე და ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამსახურს თავს არიდებს ამ ე.წ. რელიგიური თვალსაზრისით. ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ ბუნებრივია და სწორედ ეს იწვევს იმ მღელვარებას, რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში. ეს მაგალითები, რაც მე ჩამოვთვალე ახლა, ის რომ არის დისკრიმინაციული - სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს მოვისმინე რომ საზოგადოებას შეიძლება ზიანი მიადგეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასნაირ ადამიანებს, ასე ვთქვათ ტალანტებს, შეიძლება ვერ მიეღწიათ იმ შედეგისთვის, რასაც მიაღწიეს. აბსოლუტურად ყველა შემთხვევა, ინდივიდუალურ დონეზე არის დარეგულირებული და რაც მთავარია სამართლიანი.
სპორტსმენების შემთხვევაში ანალოგიურად, თუ სპორტსმენი არის სტუდენტი, იმის საშუალება ექნება რომ გაიაროს და თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ვიმეორებ, სუბიექტურობის მაქსიმალურად შემცირებისთვის, ეს არის დისკრეციული უფლება პრემიერ-მინისტრის, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებზე მიიღოს გადაწყვეტილება," - განაცხადა ბურჭულაძემ.