26 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
გახდება თუ არა ახალი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი - ვინ არის მისი კანდიდატურის წინააღმდეგი და ვინ უჭერს მხარს

ომბუდსმენობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ლევან იოსელიანი ტელეკამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა. "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა მხარდაჭერის პროცესში პრობლემებს არ შექმნის, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში კი, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შეძლებს. იოსელიანი თვლის, რომ მას საკმარისი რესურსი აქვს გახდეს კანდიდატი, რომელზეც კონსენსუსი შედგება.

"მოქალაქეების" კანდიდატს არ ექნება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. ბოიკოტში მყოფმა პარტიამ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და ლევან იოსელიანს "ქართული ოცნების" მაშველი რგოლი უწოდა. იოსელიანის პოლიტიკური საქმიანობა პრობლემურია გიორგი გახარიას გუნდისთვისაც, რომელიც სახალხო დამცველად პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი კანდიდატის მომხრეა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ვიცე-სპიკერს მხარს ღიად უჭერს. მათ შორის არის სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატი იაგო ხვიჩიაც, რომელიც ომბუდსმენად პოლიტიკურად აქტიური ფიგურის არჩევაში, პრობლემას ვერ ხედავს.

ლევან იოსელიანის კანდიდატურის დასახელებას, რამდენიმე საათში გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ომბუდსმენის "პოსტს არ იმსახურებს არცერთი კანდიდატი, რომელიც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის".

პირად სიმპათიებს არ მალავენ მმართველ გუნდში. იოსელიანის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით შეკითხვები არც მოძრაობა "ხალხის ძალაში" აქვთ, თუმცა საბოლოო მხარდაჭერის საკითხს, უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტენ.

ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე კონსენსუსის შემთხვევაში 12 რეკომენდაციიდან ერთი შესრულებულად ჩაითვლება - ამისთვის კი მოქალაქეების ერთ-ერთ ლიდერს მინიმუმ 90 ხმა სჭირდება. რამდენი მხარდამჭერი ეყოლება ლევან იოსელიანს, ეს პოლიტიკური ჯგუფებში შიდა კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები