26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილი დიაგნოზები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სარწმუნო და უტყუარი - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი:

"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია, ყოველთვის არის გარკვეული სპეკულაციების საგანი. ჩვენ ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული. 

მინდა ვისაუბრო ცენტრ "ემპათიის" დასკვნაზე, კერძოდ მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს. ამ შემთხვევაში, სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, თუ რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ "ემპათიის" დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად იყო შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ მივიღეთ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან 2023 წლის 26 იანვარს დასკვნა, რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას - ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს და ბუნებრივია მსჯელობა გაგრძელდება სასჯელის გადავადებასა და მისი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

 

 

დღის ამბები