საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას - ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და რუსების მასიურად შემოდინების გამო.
დიპლომატმა ამის შესახებ "ევროპეისკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში დღეს საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიიდან მასობრივ ევაკუაციაში დახმარების გაწევას. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არსებობს საფრთხეები და საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც სექტემბერში რუსეთის ფედერაციამ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ფაქტობრივად, გვაქვს სურათი რომ ქვეყანამ, რომელიც აგრძელებს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირსა და ნატოში, პოლიტიკოსების განცხადებებში სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა. ნამდვილად არის საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ, უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში რუსების არანორმალური კონცენტრაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსული პროპაგანდისა და პრორუსული განწყობების გავრცელებაზე და ქმნის გარემოს საქართველოში პრორუსული ძალების გააქტიურებისთვის. საელჩო დღემდე ყველანაირად უჭერს მხარს ჩვენი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას. ამჟამად განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება," - განაცხადა კასიანოვმა.