26 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
თეონა აქუბარდია და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე სამართალდამცავ უწყებებს წერილობით მიმართავენ

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სამართალდამცავ უწყებებს წერილობით მიმართავენ. დეპუტატებს აინტერესებთ, დაიწყო თუ არა მოკვლევა ყვარელში მომხდარს ფაქტზე, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. მათივე განაცხადებით, დაირღვა ბერძენიშვილის კონსტიტუციური უფლება. 

"ჩვენ, სამმა დეპუტატმა - ხათუნა სამნიძემ, ანა ბუჩუკურმა და მე, მივმართეთ როგორც ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთადერთი კითხვით: დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ამ ფაქტზე, ისევე, როგორც საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო თუ არა გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ბერძენიშვილს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება, ისევე როგორც აუდიტორიაში შეკრებილ მსმენელებს შეეზღუდათ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

შეფასება გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალას" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ლევან ბერძენიშვილმა შეურაცხყო ის წმინდანები და მეფეები, რომლებსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სცემს პატივს და შესაბამისი პასუხიც მიიღო.

"როდესაც შენ გაქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ გინდა იყო საზოგადო მოღვაწე და საჯარო სივრცეში ოპერირებდე, მაშინ იმის პასუხისმგებლობაც უნდა გაგაჩნდეს, რომ ამ საზოგადოებას რაც მიაჩნია პატივსაცემად, იმას შენც პატივი უნდა სცე. თუ შენ შეურაცხყოფ იმ ადამიანებს, იმ წმინდანებს, იმ მეფეებს, იმ ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პატივს სცემს და მერე შენ გინდა კიდევ, რომ საჯარო სივრცეში ოპერირებდე - მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები