26 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
კომპრომატების ომი -ვინ ავრცელებდა რეგიონებში ნიკა მელიას აუდიოჩანაწერს და ვინ დგას ფარდის უკან

ნიკა მელიას 2 დღის წინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერის შინაარსსა და ავთენტურობაზე განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე დღეს არც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გამოჩენილა, ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება მელიას ნაცვლად კვლავ მის თანაგუნდელებს მოუხდათ.

ჩანაწერის ავტორად ვანო მერაბიშვილის სახელი და გვარი, ნიკა მელიას მომხრეებმა დღეს უკვე მეორედ გააჟღერეს, თუმცა არ დაუსახელებიათ კონკრეტულად ვინ ავრცელებდა რეგიონებში ფარულ აუდიო ჩანაწერს, ვიდრე ის საჯარო სივრცეში გამოჩნდებოდა. "კურიერის" ინფორმაციით, ეს პირი ზაზა გოროზიაა, რომელიც ლევან ხაბეიშვილს რეგიონულ დონეზე საარჩევნო კამპანიაში ეხმარება.

ჩანაწერის ავთენტურობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილს ეჭვი ეპარება, თუმცა პარტიაში აღიარებენ, რომ შიდა საარჩევნო ბრძოლა მიუღებელი მეთოდებით მიმდინარეობს.

ისინი, ვისაც შიდა კონკურენციისთვის ფარული ჩანაწერების გამოყენებაში ადანაშაულებენ, ბრალდებებს უარყოფენ. ლევან ხაბეიშვილის მომხრეები ამბობენ, რომ ის, რაც ახლა პარტიის შიგნით მიმდინარეობს, ხელისუფლების ინტერესშია.

ნიკა მელიას წინააღმდეგ უფრო მწვავეა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე, რომელმაც ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები კითხვა აქვს. მუმლაძემ მელიას დღეს სექტემბერში, პარტიის ოფისში მომხდარი დაპირისპირებაც შეახსენა.

გავრცელებული აუდიოჩანაწერი საპარლამენტო უმრავლესობისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ახლა ძალაუფლების განაწილებისთვის კლანებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ ფარული მიყურადება და შემდეგ მისი გავრცელება "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა, რომელსაც პარტია ოპოზიციაში ჰყოფნის დროსაც არ ღალატობს.

ნიკა მელიას ფარული აუდიოჩანაწერი 44-წამიანია და ის ინტერნეტ სივრცეში 2 დღის წინ გავრცელდა. მასალაში არ არის დაკონკრეტებული ვის აგინებს ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე, თუმცა, ჩანაწერის გავრცელებიდან მალევე ითქვა, რომ მელია სააკაშვილზე საუბრობდა.

დღის ამბები