H1n1 ვირუსის დიაგნოზი უკვე ლაბორატორიულად არაერთ ინფიცირებულს დაუდასტურდა. ახლა ქვეყანაში უმეტესად ღორის გრიპი ცირკულირებს. ღორის გრიპი დომინანტ ვირუსად ჩამოყალიბდა. ცივი სეზონი, გრიპი და სხვა რესპირატორული ვირუსები - ქვეყანაში ტვინდემიაა.
H1n1-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში ბოლო ერთ კვირის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა. გრიპის ამ ქვეკატეგორიამ ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ჩაანაცვლა. სტაციონარში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობა კი, სწორედ ამ შტამით არის ინფიცირებული. ღორის გრიპს ქვეყანაში არსებულ სხვა ვირუსებთან შედარებით, უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. გამოირჩევა მაღალი ტემპერატურით, რომელიც რიგ შემთხვევებში მედიკამენტებს არ ემორჩილება.
ვირუსული მდგომარეობის ცვლილება კლინიკებზეც აისახა. მომატებულია სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა, თუმცა მედიკოსები ინფიცირებულთა სტაციონალური მკურნალობის საჭიროების მატებას არ ელოდებიან.
ღორის გრიპით ყველა ასაკის ადამიანი ავადდება. განსაკუთრებულად მწვავედ კი, 60 წელს გადაცილებულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში მიმდინარეობს. მედიკოსები მოსახლეობას ჰიგიენის დაცვას და ვირუსის მატარებელ ადამიანთან კომუნიკაციისგან თავის შეკავებას ურჩევენ.