26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ხანუმ ჯეირანოვას მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ოთხი პირი დამნაშავედ ცნეს - სოფელ ლამბალოს მოსახლეობა დღესაც ისე დუმს, როგორც 8 წლის წინ

სოფელ ლამბალოს მოსახლეობა დღესაც ისე დუმს, როგორც 8 წლის წინ. მაშინ როცა ახალგაზრდა ქალს, ხუთმა თანასოფლელმა მამაკაცმა სოფლის ცენტრში ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი, სასტიკად სცემა. დღეს უკვე ოთხი მათგანი გისოსებს მიღმაა. სამართლიანი განაჩენი გვიან, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ მაინც დადგა.

ძალადობის ეს ტრაგიკული ისტორია 30 წლის ქალის თვითმკვლელობით დასრულდა. ყველაფერი კი ხანუმ ჯეირანოვას ღალატში დადანაშაულებით დაიწყო. ახალგაზრდა ქალი ქმარმა და ნათესავებმა მანქანაში იძულებით ჩასვეს, მიიყვანეს სოფლის ცენტრში და ლამბალოს მოსახლეობის თანდასწრებით მასზე განსაკუთრებული სისასტიკით იძალადეს. არგუმენტით, რომ ჯეირანოვა ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო უნდა დასჯილიყო. ამ ამბავს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ მოძალადეები ქალს არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სცემდნენ.

ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის შემდეგ, ობლად დარჩენილ ორ შვილს გარდაცვლილის მშობლები ზრდიდნენ. დღეს, სამართლიან განაჩენს მხოლოდ ჯეირანოვას მამა მოესწრო. მძიმე სტრესის გამო დედა შვილის თვითმკვლელობის შემდეგ გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი დედამ ნახა. 2014 წელს, ფაქტზე არავინ დაუკავებიათ, რადგან თვითმკვლელობამდე მიყვანის ნიშნები არ ჩანდა, თუმცა წლების შემდეგ გამოძიება ხელახლა დაიწყო და დადგინდა, რომ 8 წლის წინ ხანუმ ჯეირანოვა სუიციდამდე საჯაროდ დამცირებამ და დასჯამ მიიყვანა.

უკვე მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კი, მათი ადვოკატები სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

დაკავებული ოთხი მოძალადის საპატიმრო სასჯელი მოსამართლემ 5 წლითა და 6 თვით განსაზღვრა. დანაშაულში კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა. მეხუთე ბრალდებულის საქმეზე კი სასამართლო განხილვები ისევ გრძელდება. ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა მიიღონ.

დღის ამბები