27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"არ ვაპირებთ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას" - "ოცნება" პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატებმა რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მხარეების პოზიციები უცვლელია. ოპოზიციას უმრავლესობა საბოტაჟში ადანაშაულებს და თვლის, რომ ოპონენტების ინიციატივა არა საქმეზე, არამედ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი. "ოცნება" პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა უკვე დაიწყო ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებული გეგმით მუშაობა და მოუწოდებს ოპოზიციას, რომ არ გამოეთიშონ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს.

"არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას, ამიტომ ჩვენი პარტიის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს, პარალელური პროცესების გამოგონებით ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებული გეგმის მიხედვით მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხის განხილვა 2023 წლისთვის გადაიწია, ამ გეგმაში ცვლილება არ შევა და როგორც სამუშაო ჯგუფებში, სადაც ჩვენი გუნდის წევრების გარდა, ოპოზიციის ნაწილიც იღებს მონაწილეობას, ასევე, საკომიტეტო მოსმენების ფორმატში მოხდება შესაბამისი კანონპროექტების დამუშავება, დაინიცირება და საკომიტეტო განხილვები, რის შემდეგაც მათ განიხილავს საქართველოს პარლამენტი - საშემოდგომო სესიაზე. რიგგარეშე სესიის დღისწესრიგში შეტანილი სხვა საკითხებიდან, რომლებიც შეეხება სასამართლოსა და ანტიკორუფციულ სამსახურს - ორივე მათგანთან დაკავშირებით არსებული ჯგუფების ფარგლებში და დადგენილ ვადებში, მოხდება კანონპროექტების მომზადება, დაინიცირება და მიღება," - განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელი თავისი არსით ევროკომისიის პირველივე რეკომენდაციას - დეპოლარიზაციას ეწინააღმდეგება.

"როდესაც ოპოზიცია, ნაცვლად იმისა რომ სამუშაო პროცესში იყოს ჩართული და ჩვენთან ერთად აკეთებდეს იმ საქმეს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის და საჭიროა ჩვენი ხალხის არჩევნის პატივისცემისთვის, ნაცვლად ამისა, როდესაც ისინი გვთავაზობენ საქმიანი ფორმატის ნაცვლად პოლიტიკური შოუს ელემენტებს და პოლიტიკურ ტრიბუნას, ეს თავისივე არსში და საწყისშივე ეწინააღმდეგება ევროკომისიის პირველივე პუნქტს - დეპოლარიზაციას. ამიტომ, ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობა - ეს ნიშნავს და უდრის პოლარიზაციის გაღრმავებას, ამიტომ, ჩვენ რომ მივიღოთ მონაწილეობა პროცესში, რომელიც არის ევროკომისიის 12 პუნქტიდან პირველივე პუნქტის საწინააღმდეგო და ჩვენ გამოვიდეთ და გავმართოთ პოლიტიკური დებატები, ერთმანეთთან დავიწყოთ პოლიტიკური პაექრობა და ა.შ, ამ ეტაპზე, ეს არ შეესაბამება დეპოლარიზაციის გეგმას," - თქვა ოხანაშვილმა.

დღის ამბები