უკვე ორი საათია, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. მხარეებმა თანხმობას შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიაღწიეს. ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა გააკეთა.
ამერიკის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, ისრაელი თავის ძალებს ლიბანიდან 60 დღის განმავლობაში თანდათან გაიყვანს, ლიბანის არმია კი ისრაელთან საზღვარზე ტერიტორიას გააკონტროლებს, რათა უზრუნველყოს, რომ "ჰეზბოლამ" თავისი ინფრასტრუქტურა არ აღადგინოს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერას მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტიც. საკითხზე კომენტარი გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, თუ "ჰეზბოლა" შეთანხმებას დაარღვევს, ისრაელის არმია ბრძოლებს განაახლებს.
მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ჯოზეფ ბორელმა შუამავლობისთვის საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა.
"ძალიან დამაიმედებელი ამბავი, უპირველეს ყოვლისა კი, ლიბანელი და ისრაელელი ხალხისთვის", - ასეთია ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასება ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტაზე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი კი ამბობს, რომ, ამ ნაბიჯის შემდეგ, საჭიროა პროგრესი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის კუთხითაც.