27 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს - EURACTIV.com

უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს - ამის შესახებ ინფორმაციას  ალექსანდრა ბრზოზოვსკი ავრცელებს, გამოცემა EURACTIV​ -ის რედაქტორი ევროპისა და თავდაცვის საკითხებში.

ბრზოზოვსკი ამ თემაზე ვრცელ სტატიასაც აქვეყნებს. სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ დაიწყო შეტევა ბოლო კვირებში, რათა დაერწმუნებინა ჯერ კიდევ სკეპტიკურად განწყობილი დასავლეთ ევროპის დედაქალაქები, მიენიჭებინათ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და თავიდან აერიდებინათ მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად მოხვედრა.

ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლჰა სტეფანიშინა EURACTIV​-ის კითხვაზე, "შიშობს თუ არა, რომ უკრაინის განაცხადის საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე მიბმამ შესაძლოა პროცესი უფრო გაართულოს", ამბობს, რომ კიევს "ნამდვილად შეაშფოთებს" მსგავსი შესაძლებლობა.

"დედაქალაქებთან საუბრისას, ისევე, როგორც ბრიუსელში დისკუსიების დროს, ეს იყო ყველაზე დიდი საკითხი, რადგან ჩვენ სამს ომის მიღმა ძალიან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს," - თქვა მან.

მოლდოვასა და საქართველოსთვის დამატებითი დაბრკოლებაა ის, რომ ორივე ქვეყანას აქვს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონები თავიანთ ტერიტორიაზე.

"ჩვენი სამი ქვეყნის ერთ კალათაში მოთავსება ზრდის გაუგებრობას, ეს დამატებით მიზეზს აძლევს სკეპტიკოსებს, რომ უარი თქვან, რადგან უკრაინისთვის სტატუსის მიღება გასაგებია, საქართველოსა და მოლდოვასთვის კი გაუგებარი," - თქვა სტეფანიშინამ.

ევროკომისია, სავარაუდოდ, თავის მოსაზრებას უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მომავალ პარასკევს, 17 ივნისს გამოაქვეყნებს, ევროკავშირის ლიდერებს დაახლოებით 1 კვირა რჩებათ დოკუმენტის შესასწავლად, სანამ ისინი გადაწყვეტენ ამ საკითხს ევროკავშირის სამიტზე 23-24 ივნისს.

დღის ამბები