უკრაინაში ომის 107-ე დღეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. განადგურებულია 60 შენობა, მათ შორის 49 საცხოვრებელი სახლი და რკინიგზის სადგური. თავდასხმებს 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოკუპანტების შეტევა განხორციელდა ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით. დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 14.
რუსმა სამხედროებმა საჰაერო დაბომბვები განახორციელეს დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფლებზე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ჟიტომირის ოლქზეც, საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაბომბვა სავარაუდოდ ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა.
რუსული ძალები კვლავ შტურმით უტევენ სევეროდონეცკს. ოკუპანტებმა გაანადგურეს ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო - ყინულის სასახლე.
უკრაინა ბრძოლებში ყოველდღიურად 100-დან 200-მდე სამხედროს კარგავს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ.-მა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის არმიაში იბრძოდნენ. უცხოელი სამხედროები „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გასამართლდნენ. ისინი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ მარიუპოლში აპრილის თვეში აიყვანეს.