27 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, საიდანაც ელჩი ჰყავს გაწვეული უკრაინას - პაპუაშვილი ზელენსკის პარლამენტისთვის მიმართვაზე

პარლამენტის თავმჯდომარე კანონმდებლების წინაშე ანგარიშით წარსდგა. შალვა პაპუაშვილმა 2021 წელს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმა წარადგინა. მისი განცხადებით, დღეს პარლამენტი გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა გასული წელი რთული იყო.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბება.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისიის საქმიანობა, რომელმაც მისი თქმით საბოლოოდ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა და წერტილი დაუსვა ხელოვნურად შექმნილ გაურკვევლობას.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაზეც და ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. 

გამოსვლის შემდეგ დარბაზში დებატები გაიმართა, იყო კითხვები და პასუხები.

"ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ რატომ დაიბლოკა საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევის ინიციატივა. რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, საიდანაც უკრაინის ხელისუფლებას ელჩი ჰყავს გაწვეული.

"თითქმის არ დარჩა ევროპის ქვეყანა, სადაც პარლამენტში არ გამოვიდა, ან არ მიუმართავს უკრაინის პრეზიდენტს. არათუ თითქმის, არამედ ევროპაში არ არის არცერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ მიუხედავად საქართველოს და ქართველი ხალხის თანადგომისა, ბევრი მიმართულებით - პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ლტოლვილებზე ზრუნვის, სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნისა და ამ მეგობრული დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, საიდანაც ელჩი ჰყავს გაწვეული უკრაინის ხელისუფლებას. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ [უკრაინის] პრეზიდენტი იმ ქვეყანას არ მიმართავს, რომლის მიმართაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები