უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა საჭირო სამუშაო ჩაატარა, ახლა ბურთი ევროპის ქვეყნების მოედანზეა, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციაულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი ივნისში ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. ზელენსკიმ წლევანდელი ურთულესი ზამთრისთვის მზადებაზეც ისაუბრა.
"რუსეთის აგრესიის გამო შექმნილი ვითარების ფონზე, წლევანდელი ზამთარი, დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში, მართლაც ურთულესი იქნება. წელს ჩვენ არ გავყიდით ჩვენს გაზს და ნახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებისკენ იქნება მიმართული.
მე დავაკისრე ძალიან კონკრეტული დავალება მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები გათბობის მომავალი სეზონისთვის არ შეიცვალოს. ხალხი ომის გამო ისედაც საკმარის სირთულეებს აწყდება.
ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინის განაცხადი ევროკავშირში. უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მუდმივად ვმართავ შეხვედრებს ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ცალკეულ წევრ ქვეყნებთან. ამ მიმართულებით დიპლომატიური საქმიანობა ერთი დღითაც არ წყდება. ყოველდღიურად მესმის ცნობები ევროკავშირში პროცედურული გადაწყვეტილებების მომზადების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი დიპლომატები, მთელი სამთავრობო გუნდი - ყველა მუშაობს იმისთვის, რომ ივნისში უკვე მივაღწიოთ მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ველოდებით.
უკრაინამ, თავის მხრივ, ამისთვის ყველა საჭირო სამუშაო ჩაატარა. როგორც მსგავს შემთხვევებში ამბობენ, ახლა ბურთი ევროპის ქვეყნების მოედანზეა," - განაცხადა ზელენსკიმ.