27 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
​რითი განსხვავდება მარიუპოლის ბლოკადა მე-2 მსოფლიო ომის დროინდელ ლენინგრადის ბლოკადისგან?! ​გამოაცხადეთ, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა - ზელენსკი 

მელიტოპოლის მერის ტყვეობიდან დახსნას, მარიუპულიდან ევაკუაციასა და უკრაინაში არსებულ ბოლო ვითარებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებს კიდევ ერთხელ მოსთხოვა უკრაინის ცის ჩაკეტვა.

უკრაინის პირველი პირი დღეს სიტყვით გერმანელ პარლამენტარებს მიმართავს.

"ოკუპანტებმა, ჩერნიგოვში, პურის რიგში მდგომ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. წარმოდგინეთ, 10 დაღუპულია. მარიუპოლში, მტერმა ქალაქის ცენტრში არსებული დრამატული თეატრი მიზანმიმართულად დაბომბა. იქ სროლებისგან თავს ასობით ადამიანი აფარებდა. შენობა მთლიანად დანგრეულია. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გული მისკდება იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს.

რუსეთის მოქალაქეებო, რითი განსხვავდება მარიუპოლის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ლენინგრადის ბლოკადისგან?! ვის კვალს მივყვებით?!

კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლას მტერმა, რომ დასავლელმა ლიდერებმა ჩვენს მოთხოვნებს გასცენ პოზიტიური პასუხი უკრაინის ცის ჩაკეტვაზე ან მოგვცენ თვითმფრინავები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას ასე სჭირდება.

რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაული არ მთავრდება და რუსეთის ეკონომიკას თავისი არმიის შენახვის ძალები ჯერ კიდევ აქვს. ამიტომ, მსოფლიომ რუსეთს ახალი, უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს და გამოაცხადოს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ უკრაინამ მიიღოს იმაზე მეტი დახმარება, ვიდრე ახლა ვიღებთ. საჰაერო თავდაცვის სისტემები, თვითმფრინავები.

დილით გერმანელ პარლამენტარებს სიტყვით მივმართავ. გავაგრძელებ ბრძოლას უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რუსეთისთვის ზეწოლის გასაზრდელად.

მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენი პოზიცია და მოთხოვნები სრულიად გასაგებია. ესენია ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რეალური გარანტია და რეალური დაცვა ჩვენი ქვეყნის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები