27 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, წარმოუდგენელი სიმხეცეა! სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლის ბავშვთა და სამშობიარო საავადმყოფოზე თავდასხმას ომის დანაშაულს უწოდებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

"დღეს ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ რუსეთის ომის დანაშაულის დაგმობაში, რომელიც ასახავს მთელ ბოროტებას, რაც დამპყრობლებმა შემოიტანეს ჩვენს მიწაზე" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სამშობიაროზე თავდასხმა არის "საბოლოო მტკიცებულება, რომ უკრაინელების გენოციდი ხდება". პრეზიდენტის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა.

"დღეს არის დღე, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მიგვანიშნებს, ვინ ვის მხარესაა. რუსული ბომბი მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაეცა. საბავშვო საავადმყოფოც სამშობიაროდ იყო გადაკეთებული. შენობა ბოლომდე დანგრეულია. ამ დროისთვის, 17 დაშავებული გვყავს. როგორც კი განგაშის ხმა გაისმა, ადამიანებმა უცებ დაიწყეს დამალვა იმ 500 კილოგრამიანი ბომბისგან, რომლებსაც რუსები ისვრიან და ჩვენს ქალაქებს ეცემა.

საბავშვო ბაღი, სამშობიარო, მაინტერესებს ეს შენობები რითი უქმნიდა საფრთხეს რუსეთის ფედერაციას. ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სამშობიაროებისა და საბავშვო ბაღების ეშინია და მათ ანადგურებს. რა იყო, იქ პატარა ნაციონალისტები ცხოვრობენ, მშობიარე ქალები როსტოვის მიმართულებით ცეცხლის გახსნას აპირებდნენ თუ რას იზამდნენ?! ვინმე ამ სამშობიაროში რუსულენოვანს ამცირებდა?! რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, წარმოუდგენელი სიმხეცეა! სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება.

ევროპელებო, თქვენ ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ არ გინახავთ რა ხდებოდა უკრაინაში ან რა დღეში იყვნენ მარიუპოლელები. თქვენ ეს ყველაფერი იცით, თქვენ ეს ყველაფერი დაინახეთ. სანქციები იმ დონეზე უნდა გაამკაცროთ, რომ მათ ამ გენოციდის გაგრძელება ვერ შეძლონ. ყველა ხერხით ვცდილობთ მსოფლიოს ლიდერებს გავაკეთებინოთ ის, რაც მათ შემოჭრის პირველსავე დღეს უნდა გაეკეთებინათ! ან ჩაკეტონ ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, ან მოგვცენ თვითმფრინავები, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. მათი სიჩუმე მკვლელობის ტოლფასია.

დღეს ვესაუბრე შარლ მიშელსა და უსრულა ვონ დერ ლეიენს. ასევე აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელ ნენსი პელოსის, დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს. ბორის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! პარტნიორები ბოლომდე არიან ინფორმირებულები იმის შესახებ, რაც მარიუპოლში ხდება," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები