27 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
რუსეთმა იმპერიალისტურ ზრახვებზე უარი უნდა თქვას, თავისუფალი სამყაროს ერთიანობით შეგვიძლია დავძლიოთ რუსეთის აგრესია - მარიუშ ბლაშჩაკი

პენტაგონის ხელმძღვანელი ვარშავაში პოლონელ კოლეგას შეხვდა. ცნობილი გახდა, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთს "აბრამსის" ტიპის ტანკებს მიყიდის. ამ გზით ვაშინგტონი მოკავშირეების გაძლიერებას ცდილობს.

შტატებისა და პოლონეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები შიშობენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ლტოლვილთა დიდ ნაკადი გაჩნდება. პოლონეთი კი მზადაა საჭიროების შემთხვევაში ლტოლვილები მიიღოს.

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. 

"ევროპის უსაფრთხოება გამოწვევების წინაშეა. ბელარუსიიდან ლუკაშენკო ცდილობს მიგრანტებით კრიზისი გამოიწვიოს. რუსეთი კი უკრაინაში შესაძლო შეჭრით ცდილობს დესტაბილიზაციას. თუ კრემლი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლონეთს მოუწევს გაუმკლავდეს უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილთა ნაკადს. რაც არ უნდა მოხდეს, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ყველა სცენარისთვის მზად ვართ.

შტატები განაგრძობს უკრაინის დახმარებას იმისთვის, რომ უკრაინამ თავდაცვის გაძლიერება შეძლოს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ერთიანია, როგორც არასდროს. შტატები ერთგულია მეხუთე მუხლის, ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს. ბატონ პუტინს არ სურდა, უფრო ძლიერი NATO და ეს არის ზუსტად ის, რასაც დღეს ხედავს. ჩვენი პოზიცია ურყევია, ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი.

შეერთებული შტატები და პოლონეთი გააგრძელებს ერთობლივად მუშაობას ნებისმიერი გამოწვევის დასაძლევად,"- აცხადებს ლოიდ ოსტინი.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით კი, რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიალისტურ ზრახვებზე.

"უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს რომელ ალიანსს შეუერთდება და არა რუსეთმა. პოლონეთმა გამოსცადა ომი, ჩვენ გამოვცადეთ ოკუპანტების ბოროტი ქმედებები. შესაბამისად ვიცით ეს რაც არის, ამიტომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ვისაც ეს დასჭირდება.

გვსურს, რომ ეს კრიზისი დიალოგის გზით დავძლიოთ. რუსეთმა იმპერიალისტურ ზრახვებზე უარი უნდა თქვას.

ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინელებს. თავისუფალი სამყაროს ერთიანობით შეგვიძლია რუსეთის აგრესიულ ქმედებები დავძლიოთ," - აცხადებს მარიუშ ბლაშჩაკი.

დღის ამბები