დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კანცელარიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების დარღვევასთან დაკავშირებით, სკოტლანდ-იარდში მიმდინარე გამოძიების ფონზე, ლონდონის პოლიციის უფროსი, კრესიდა დიკი გადადგა.
დიკმა თავის განცხადებაში დაწერა, რომ შეხვდა ბრიტანეთის დედაქალაქის მერს, სადიყ ხანს. შეხვედრის შემდეგ, დიკის თქმით, მისთვის ნათელი გახდა, რომ მერი აღარ ენდობა მის ლიდერობას.
იანვარში ბრიტანეთის მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ 2020 წლის 20 მაისს ჯონსონმა თავისი რეზიდენციის ბაღში 30-40-კაციანი წვეულება მოაწყო. იმ მომენტისთვის დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად იყო აკრძალული მსგავსი თავყრილობები. ღია ცის ქვეშ მაქსიმუმ ორ ადამიანს შეეძლო შეხვედრა, თუკი ისინი ერთი ოჯახის წევრები არ იყვნენ.
ჯონსონმა პარლამენტის წევრების წინაშე მოიხადა ბოდიში. მისი თქმით, ის ფიქრობდა, რომ ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ტექნიკურად ყველა წესის დაცვით იყო ორგანიზებული. ჯონსონმა აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებას დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში ესწრებოდა, რათა მუშაობისთვის მადლობა გადაეხადა თავისი ოფისის თანამშრომლებისთვის.