27 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"ნაჩქარევად მიიღეს კანონი, რა პროცესშიც არ იყო ინკლუზიურად ჩართული სხვა მონაწილეები" - კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

სახელმწიფო ინსპექტორმა 2019-2021 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ამერიკის და ევროკავშირის ელჩებიც დაესწრნენ. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ბევრი რესურსი ჩადო და სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი.

"მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან სახელმწიფო ინსპექტორის როლი და მისი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ამ სამსახურთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება მოხდა. ნაჩქარევად მიიღეს კანონი, რა პროცესშიც არ იყო ინკლუზიურად ჩართული სხვა მონაწილეები, რის გამოც ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვიყავით.

ევროკავშირმა ამ მიმართულებით და ამ სერვისის გაძლიერებისთვის ბევრი რესურსი ჩადო. სახელმწიფო ინსტიტუტი წინაპირობა იყო ვიზალიბერალიზაციისთვის. ამ სამსახურის ფუნქციები მნიშვნელოვანია გამოძიებისა და მონაცემების დაცვის ბალანსის კუთხით. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის შეშფოთებები, რაც დაინტერესებულმა მხარეებმა გამოხატეს," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ნებისმიერი ქართველი კარგად აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ვინაიდან ის ყოველდღიურად მათ უფლებებს იცავს.

"ყველა ქართველი კარგად აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ოფისი, რადგან ეს სამსახური ყოველდღიურად მათ უფლებებს იცავს. კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად. შეერთებული შტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით ამაყობს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერას იმისათვის, რომ ის უფრო გავაძლიეროთ," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები