28 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის - ირაკლი კობახიძე

"ქართულ ოცნების" ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის.

კობახიძის შეფასებით, გაუგებარია განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

"პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო.

მოლაპარაკებების ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი.

ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის მიხედვით საქარათველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განმწესების შესახებ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" შარლ მიშელის შეთანხმების ერთგულია.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების წინააღმდეგ 8-დან 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას ანუ ოპოზიციონერი პარლამენტარების ნახევარზე მეტს პოლიტიკურ შეთნხმებაზე ხელი არ მოუწერია, "ქართული ოცნება" არის და დარჩება შეთანხმების ერთგული და უზრუნველყოფს მის ჯეროვნად განხორციელებას. როგორც ხედავთ, "ქართული ოცნება" ბოლომდე იცავს შეთანხმებას და გააგრძელებს ამ სულისკვეთებით და პრინციპით მოქმედებას," - განაცხადა კობახიძემ.

 

დღის ამბები