28 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
შეთავაზება ძალაშია, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა - კახა კუჭავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის მზაობას ადასტურებს

პარლამენტის თავმჯომარემ კახა კუჭავამ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს უპასუხა და კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მანამდე, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქციის საორგანიზაციო ჯგუფს კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.

კუჭავას თქმით, პირველი შეხვედრა მნიშნელოვანია იმისთვის, რომ მხარეებს შორის ნდობა გაჩნდეს.

"გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა ლაივში გადაიცემოდა, მათ შორის Facebook-ზე. ეს ვიდეოები დღესაც არსებობს და ყველას კარგად შეუძლია ნახოს, თუ რა ფორმატს მოიაზრებდა. იყო ყველა მხარე წარმოდგენილი, ვუკეთებდი მედიაციას, ხდებოდა საკითხების განხილვა და პოზიციების შეჯერება.

პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ნდობა გაჩნდეს, თუ რამდენად აქვთ სურვილი რომ ზოგადად ამ ფორმატით გააგრძელონ დისკუსია, რაც მათ აწუხებთ. ჩემი კარები ყოველთვის ღია არის. თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რათა კონსტუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდით გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ეს თუ ტელევიზიით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ჩემი შეთავაზება ძალაშია. პირველი შეხვედრა შედგეს და თუ მოხდება მათი მხრიდან ინტერესი რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ, მე მივიჩნევ, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით შევთანხმდეთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში.

განვმარტავ, ეს არ იყო შეხვედრა, სადაც რაღაც პირობებზე უნდა მესაუბრა. მე არ მქონდა კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ეს არის უბრალოდ შეთავაზება. ისინი მიიჩნევენ თუ არა, რომ საჭიროა პარლამენტის ჩართულობა მაღალ დონეზე, რათა საკითხი, რომელიც ყველას ადარდებს, გადაიჭრას ყველას ინტერესების გათვალისწინებით," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები