სტიქიით დაზარალებული კაბალის მოსახლეობა სოფლის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
შეკრებილები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რის გამოც მცირე ხნით თელავი-ლაგოდეხის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
მოგვიანებით, დაზარალებულებთან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩავიდნენ.
როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, სასოფლო-სამეურნეო ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რადგან მოსავალი დაზღვეული არ ყოფილა და ზარალის ანაზღაურება კერძო დაზღვევის კომპეტენციაა.
თავის მხრივ, ადგილობრივები ამბობენ, რომ სადაზღვევო კომპანიამ მაისის თვემდე მოსავლის დაზღვევაზე გლეხებს უარი უთხრა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით კი, ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აღადგენს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.