29 ნოემბერი 2024,   00:03
ვრცლად
ყირგიზეთი-ტაჯიკეთის სამხედრო შეტაკება - დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

13-მდე გაიზარდა ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სამხედრო შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ინფორმაციას ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავდა 134 ადამიანი, მათგან 25 ბიშკეკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პარალელურად მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ იუწყებიან. ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საგარეო უწყებების ცნობით, სამხედროები თავიანთ ბაზებში დაბრუნდებიან და ვითარების დასტაბილურების მიზნით მოლაპარაკებები გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფიც, რომელიც შეთანხმების აღსრულებას დააკვირდება.

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ მოხდა. ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს წყალგამანაწილებელ პუნქტთან მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

ამ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრი იუწყებოდა, რომ ტაჯიკეთი ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

 

დღის ამბები