28 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
შეთანხმება ბევრს ნიშნავს პოლიტიკური წინსვლისთვის, საზოგადოებისთვის, რომელიც იყო გადაღლილი პოლარიზაციით - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მედიაციისთვის და შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ინსტიტუციების - პარლამენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტების მუშაობას. 

"დღეს დილიდან ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალშიც გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს.

ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს შეთანხმება, რომელსაც თქვენი დახმარებით მოეწერა ხელი, ძალიან ბევრს ნიშნავს პოლიტიკური წინსვლისთვის, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის, რომელიც იყო გადაღლილი პოლარიზაციით, დაპირისპირებით, ამ გაუთავებელი არეულობით და თუნდაც შეურაცხყოფილი, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს მისთვის არის გამარჯვების დღე.

პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე გამოიღო შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება, პირველ რიგში, პარლამენტის, რადგან დღევანდელი დღიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც უკვე შეუძლია იყოს ადგილი არა დაპირისპირების, არამედ ადგილი ქვეყნის მთავარი გამოწვევების გადალახვისთვის. ის უფლებები, რაც დღეს უკვე ენიჭება ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში, ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე, რადგან ბევრი ქვეყანაა, სადაც ასეთი უფლებები არ მიენიჭება ოპოზიციას; გახდა ქმედუნარიანი და ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები.

ასევე, გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობის  და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ.  უბრუნებს ნდობას და პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს და მეტიც - თუ საჭირო გახდება და, იმედი მაქვს, აღარ გახდება საჭირო, - რაღაც ფორმით მედიაცია შეასრულოს, მგონი ესაა საზოგადოების სურვილიც, რომ აღარ იყოს მუდმივად თქვენი შეწუხება საჭირო,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები