28 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5 წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა

საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5 წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა.

როგორც დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ინვესტორები ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან არიან წარმოდგენილები.

"ევროობლიგაციების გამოშვების დროს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. მოთხოვნამ დაახლოებით, 4-ჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას. ეს პირველ რიგში, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისადმი ძალიან დიდ ნდობას ნიშნავს. 2.75% ეს არის განაკვეთი, რომელიც აქამდე რეგიონში არასდროს დაფიქსირებულა. ეს ერთხმად იქნა აღნიშნული ყველა საინვრესტიციო ბანკის მხრიდან. ამ ტრანზაქციით და ამ საპროცენტო განაკვეთით ჩვენ შევქმენით ახალი ისტორიული ნიშნული, რომელიც სხვა გამომშვებებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. მათ გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ახალი ობლიგაციებით, ფაქტობრივად, 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოხდა, რომლის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით, 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო - 6,875% და რომელიც 12 აპრილს დავფარეთ. აქ მნიშვნელოვანია ასევე ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიები.

კონკრეტულად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიჯეტი დაზოგავს დაახლოებით, 350 მილიონი ლარის ოდენობის საპროცენტო შემოსავალს. ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენული რეიტინგია, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა. წარმატებით წარმართული პროცესისთვის მინდა ფინანსთა სამინისტროს სახელით მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, ესენი არიან საერთაშორისო საფინანსო საინვესტიციო ბანკები,"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები