28 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ნამახვანჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს ან არ უნდა აშენდეს, ამით დიალოგს არ ვიწყებთ - ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრას კონსტრუქციულად აფასებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორებთან, ასევე უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერებს შეხვდა და ნამახვანჰესის საკითხზე ისაუბრა, რომელიც უკვე 6 თვეა მრავალრიცხოვანი პროტესტის მიზეზია.

ლერი ბარნაბიშვილი შეხვედრას კონსტრუქციულს უწოდებს და აცხადებს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ პროცესში პრემიერიც ჩაერთვება:

"შეხვედრა იყო კონსტრუქციული, მე მათ აღუთქვი, რომ მათი ყველა ინტერესი და კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. ამ ყველა წინადადებას მივიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამსახურებთან. ასევე იყო ჩვენი მხრიდან შეთავაზება და თანხმობა აქციის მონაწილეების მხრიდან, რომ მაქსიმალური იქნება მათი ჩართულობა ამ პროცესებში. ნებისმიერი ფორმატი შევთავაზეთ, ეს იქნება უკვე მოლაპარაკების საგანი. პრემიერი როდესაც შეძლებს, ჩაერთვება აქტიურად.

მე დავუფიქსირე პოზიცია, რომ ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა თუ სხვა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა არ იქნება შესრულებული. ეს იყო ჰიპოთეტური შეკითხვა მათი მხრიდან და მიიღეს ანალოგიური პასუხი," - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

სოზარ სუბარი შეხვედრას მნიშვნელოვანს და კონსტრუქციულს უწოდებს და ამბობს, რომ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ:

"შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ. ჩვენ ვთქვით, რომ ხელისუფლებაში და პირადად მეც ამ პოზიციაზე ვარ, რომ ღრმად ვართ დარწმუნებული ამ ჰესის საჭიროებაში ქვეყნისთვის, ისევე როგორც მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ეს ჰესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს. კატეგორიულობას გამოვრიცხავთ, აუცილებლად უნდა აშენდეს ან არ უნდა აშენდეს, ამით დიალოგს არ ვიწყებთ. ყველა კითხვას რაც არსებობს პუნქტ-პუნქტად გავცემთ პასუხებს და ან ისინი დარწმუნდებიან ამის საჭიროებაში ან ჩვენ დავრწმუნდებით საპირისპიროში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველანაირ ქსენოფობიურ განცხადებას და რადიკალურ ჯგუფებს,"- განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, იმ 3 ძირითად მოთხოვნაში რომელიც საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ, ერთ-ერთი არის რკინის ჯებირებით გადაკეტილი გზის გახსნა და ამაზე პასუხი რამდენიმე დღეში იქნება.

დღის ამბები