28 ნოემბერი 2024,   23:54
ვრცლად
ავღანეთში ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ NATO-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად გაართვას თავი კოლექტიური უსაფრთხოების ამოცანებს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ავღანეთის მისიის ეტაპობრივად დასრულების შესახებ ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ NATO-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად და პასუხისმგებლობით გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს.

"საქართველო მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს საერთაშორისო მისიაში. 

მტკიცე მხარდაჭერის მისიის დაწყების დღიდან ქართულმა ჯარმა საგულისხმო წვლილი შეიტანა ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ურთულეს პროცესში. 

საამაყოა ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რითაც ქართველმა სამხედროებმა თავი დაამახსოვრეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ქართული ჯარის პროფესიონალიზმი ყოველთვის იმსახურებდა, როგორც ნატო-ს, ისე პარტნიორი ქვეყნების მაღალ შეფასებას. 

ამ რთული მისიის შესრულებით საქართველომ მრავალგზის დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

მადლობას ვუხდი ყველა სამხედროს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა მშვიდობისათვის ბრძოლას და ღირსეულად ატარა ქართული დროშა. 

ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიას ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეტაპობრივად დატოვებენ. 

აუცილებელია, რომ მომავალში ავღანეთში ხანგრძლივად შენარჩუნდეს უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რომლის ჩამოყალიბებაშიც საქართველო ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იღვწოდა. 

მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად და პასუხისმგებლობით გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს. 

ვამაყობთ, რომ საქართველომ, ნატო-ს სანდო და საიმედო პარტნიორმა, ალიანსის წევრებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,"- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები