29 ნოემბერი 2024,   00:06
ვრცლად
წელს ისრაელში საქართველოს 1000 მოქალაქე დასაქმდება - ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/

მათივე ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

"დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელია (ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში).

*კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.

სამუშაო ადგილების კვოტა: 2021 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება ისრაელში.

დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.

დამხმარე მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები:

• პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება;

• პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა);

• პაციენტის კვება/კვებაში დახმარება;

• პაციენტთან კომუნიკაცია;

• პალატის სისუფთავის დაცვა;

• ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.

სამუშაო დრო: დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით - კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• განათლება:

მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული;

უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;

ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

• უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;

• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;

• ნასამართლეობის არმქონე;

• ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;

• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;

• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;

• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;

• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

(აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

შერჩევის და დასაქმების პროცედურები:

ისრაელში დამხმარე მუშაკად დასაქმების მსურველი კანდიდატების შერჩევა მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

• ონლაინ რეგისტრაცია პორტალზე: www.workabroad.moh.gov.ge;

• მონაცემების გადამოწმება და კანდიდატთა პირველადი შერჩევა;

• გასაუბრება (*გასაუბრებისას მოხდება რუსული/ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება);

• წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა;

• შერჩეული კანდიდატების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლა და ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა (*სამედიცინო შემოწმების ჩატარებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო);

• ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა;

• შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

შერჩეული კანდიდატის მიერ გამგზავრებამდე გასაწევი ხარჯები:

• საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში);

• ისრაელში გამგზავრების ბილეთის საფასური;

• სამედიცინო გამოკვლევის საფასური;

• COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, ისრაელში დასაქმებასთან დაკავშირებით, შერჩევისა და დასაქმების არც ერთ ეტაპზე, განმცხადებელი არ გადაიხდის არანაირ საფასურს.

შრომის ანაზღაურება: კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ მცირე 5300 შეკელს (2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში - 8023 შეკელი (დაახ. 2440 აშშ დოლარი თვეში).

ხელფასის დაბეგვრა:

• საშემოსავლო გადასახადი: დარიცხული ხელფასი 6330 შეკელამდე - იბეგრება 10%-ით, ხოლო 6631-დან 9080-მდე - 14%-ით;

• სოციალური დაზღვევის გადასახადი: ხელფასის 0.04%, თუ დარიცხული ხელფასის ოდენობა არ აღემატება 6330 შეკელს, ხოლო თუ დარიცხული თვიური ხელფასი 6330 შეკელზე მეტია, გადასახადის განაკვეთია 0.87 % ყოველ დამატებითი შეკელზე.

• სამედიცინო დაზღვევა: 125 შეკელი;

• საცხოვრებლის ხარჯი: 264-დან 485 შეკელამდე;

• კომუნალური გადასახადი: დაახლოებით 93 შეკელი.

*აღნიშნული გადასახადებისა და გადასახდელების გადახდის შემდეგ ე.წ. „ხელზე ასაღები“ ხელფასი თვეში იქნება სულ ცოტა 1100 აშშ დოლარი (კვირაში 42 საათის მუშაობის შემთხვევაში), ან 1800 აშშ დოლარი (კვირაში 58 საათის მუშაობის შემთხვევაში).

გარდა ამისა, დამსაქმებელი მიგრანტი მუშაკის სადეპოზიტო ფონდში ყოველთვიურად რიცხავს დარიცხული ხელფასის სულ მცირე 12.5%-ს, რომელიც საქართველოში გამომგზავრების დროს უბრუნდება დასაქმებულს შესაბამისი გადასახდელის (15%) გამოკლებით. სადეპოზიტო თანხა დაახლოებით 2-3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტია და დამოკიდებულია დარიცხული ხელფასის ოდენობაზე.

სრული ერთწლიანი დასაქმების შემდეგ მუშაკს აქვს ასევე ერთჯერადი წლიური პრემიის მიღების უფლებაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს

https://www.facebook.com/worknet.gov.ge

ან დაუკავშირდით ჯანდაცვის ცხელ ხაზს - 1505," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები