28 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი - პროკურორი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

პროკურორის თქმით, სხდომაზე ბრალდების მხარე უტყუარ მტკიცებულებს წარადგენს.

"მოცემული საქმის განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ყველა უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად დაადასტურებს ნიკანორ მელიას მიერ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენას. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოხდება მოწმეთა დაკითხვა. გამოკვლეული იქნება ვიდეოჩანაწერები, რომელიც ნათლად ასახავს ნიკანორ მელიას დანაშაულებრივ ქმედებებს, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას.  გამოკვლეული იქნება ყველა ის მტკიცებულება, რაც სასამართლოს ნათლად დაარწმუნებს მის ბრალეულობაში. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ასპექტში ბრალდების მხარე იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებითა და მყარი პოზიციით, რასაც სასამართლო ნათლად დაინახავს ამ საქმის განხილვის ეტაპზე.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს, იმის გამო, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს მის მიერ გამოყენებული პატიმრობა ან საკუთარი ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის და შევთავაზეთ მათ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა.

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი," - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

დღის ამბები