28 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
მართლმსაჯულების რეფორმა ოპოზიციის გარეშე - რა ცვლილებებს უყრის კენჭს ხვალ საქართველოს პარლამენტი

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება კენჭისყრის პროცესი, რომელიც ღია და საჯარო უნდა გახდეს, პარლამენტში შესული მოსამართლეთა სია კი სარეიტინგო ქულებით განისაზღვრება, მოსამართლეობის კანდიდატს მეორედ გასაჩივრების უფლებაც ექნება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება დაეკისრება. კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს.

კანონპროექტზე მსჯელობა სხდომათა დარბაზში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დეპუტატების შეკითხვები ძირითადად უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციას უკავშირდებოდა. კანონპროექტს მხარს არ უჭერენ პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლები, მათი შეფასებით ცვლილებები ფასადურია და მათივე განცხადებით ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში მართლმსაჯულების სისტემა ვერ გაუმჯობესდება.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონში შესატანი ცვლილებები არსებითად ვერაფერს შეცვლის, ისინი ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებაზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და დასრულდეს სასამართლოში კლანური მმართველობა.

მესამეს სექტორის ბრალდებები მიუღებელი და გაუგებარი მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ თუკი ვინმეს კითხვები უჩნდება კანონთან დაკავშირებით, ის ეჭვქვეშ აყენებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს დეპუტატები ხვალ მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. 

დღის ამბები