28 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ევროპული მედიაციის მეორე უშედეგო რაუნდი - რა ბრალდებებს უყენებენ ამჯერად პარტიები ერთმანეთს

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დიალოგის უშუალო მონაწილეა ამბობს, რომ მაგიდაზე დაიდო პუნქტები, რაც მხარეებისთვის მეტნაკლებად მისაღები იყო, თუმცა ოპოზიციის დათანხმება ვერ მოხერხდა. ახლა ”გირჩი” დამოუკიდებელი მოქმედებას იწყებს და ძალაში ტოვებს ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკების შესაძლებლობას.

ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან ინდივიდუალური მოლაპარაკებისთვის მზად არიან მმართველ პარტიაშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შეთანხმების რესურსი ოპოზიციის ნაწილმა გუშინვე ამოწურა და ამაში შვედი დიპლომატი თავადვე დარწმუნდა. მმართველი ძალის განცხადებით ოპონენტების მიზნები მაშინ გამოაშკარავდა, როცა დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პუნქტი არ ჩაიწერა და პოლიტიკური ამნისტიის ჩანაწერიც მიუღებელი აღმოჩნდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გუშინ ოპოზიციის ერთადერთი სტრატეგია ულტიმატუმი იყო.

რიგგარეშე არჩევნების და შესაძლო პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების საკითხის გარდა ხელისუფლების განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდაზე აუცილებელ გასათვალისწინებელ მოთხოვნას შორის არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებაც დადგა. ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ეს მისი მხრიდან ულტიმატუმი არ ყოფილა და მზად იყო 2 პროცენტიან ბარიერზეც თანხმობა განეცხადებინა. 

ძალაუფლების განაწილება, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა ეს ის თემებია, რაზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს საკითხები დოკუმენტში მათთვის მისაღები ფორმულირებით ჩაიწერა, თუმცა პოლიტიკური ძალების უმრავლესობისთვის წითელი ხაზად ისევ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და შესაძლო პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება დარჩა.

ოპოზიციისგან განსხვავებით გიორგი რურუა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული არ არის მმართველი პარტიისთვის. ისინი მის კრიმინალურ წარსულზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რურუას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

მოლაპარაკების ჩაშლაში მმართველი პარტიის როლზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილი. ნაწილი კი ამის მიზეზად სწორედ მისი კოლეგების გაჯიუტებას ასახელებს.

მაშინ, როცა ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების მხრიდან დესტრუქციაზე საუბრობს ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დიალოგის პროცესში ოპონენტებს რამდენიმე საქმიანი და კომპრომისული წინადადება შესთავაზეს, თუმცა პასუხად შეთანხმებაზე უარი მიიღეს.

 

 

დღის ამბები