28 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
მოახლოვდა გადამწყვეტი მომენტი, დადგება ის დღე როდესაც ყველაფერს აეხდება ფარდა - სოზარ სუბარი

მოლაპარაკების შესახებ "ქართული ოცნების" წევრებმა განცხადებები გააკეთეს პარლამენტშიც. მათ ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ როგორც კი საკითხზე მუშაობა დასრულდება, ისინი საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან - თუ რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კომპრომისებისთვის ყველა ოპოზიციური პარტია მზად არ არის, თუმცა კონსტრუქციული ქმედების მსურველებიც არსებობენ.

"ულტიმატუმების ენით საუბარი რაც ვერ მოიშალა და არ მოიშალა ოპოზიციამ,  მკაფიოდ მეტყველებს მათ განზრახვაზე რომ ჩაშალონ მოლაპარაკებები. მე მაინც მგონია, რომ დღეს საღამოს თუ არა, ხვალ მაინც დადგება ის დღე, როდესაც ყველაფერს აეხდება ფარდა, იმიტომ რომ მე მგონი, მოახლოვდა ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ყველაფერი ითქმება ხმამაღლა. თუ შედეგით დამთავრდა, ხო ისედაც ღია იქნება, თუ არ დამთავრდა შედეგით, მოვალენი ვიქნებით ყველაფერი ვუთხრათ საზოგადოებას. მე მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ოპოზიციაც წამოვა კომპრომისებზე," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია წამოვა კომპრომისზე, რადგან მათ ნაწილს სხვა მიზნები და ინტერესები აქვს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი შექმნილ სიტუაციაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ის პოზიცია გამოადგება, რომელსაც "ქართული ოცნება" წარმოადგენს მოლაპარაკების მაგიდაზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დაკვეთა მმართველი პარტიისადმი ვადამდელი არჩევნები ან პატიმრების გამოშვება არ ყოფილა, მაგრამ მმართველი პარტია კრიზისიდან გამოსასვლელად მაინც ცდილობს კომპრომისის მოძებნას და ოპოზიციასთან დიალოგს მართავს.

დღის ამბები