28 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ვინ არის ბესიკ ბოგველი, ვინც ნიკა მელიას გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი ორგანიზაცია "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა.

"რუსთავი 2-მა" მოიძია ინფორმაცია ბესიკ ბოგველის შესახებ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "სახალხო პარტიის" გორი-კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. 

ამასთან, ბესიკ ბოგველი 2017 წლიდან ინტერნეტტელევიზია "მარტივის" დირექტორის პოზიციას იკავებს. 

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბესიკ ბოგველი კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრია. ასევე, მისი facebook გვერდის მიხედვით, ბესიკ ბოგველი საქველმოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს კარიტასში" ფსიქოლოგად მუშაობს. 

"რუსთავი 2" შეეცადა მოეძებნა ინფორმაცია ორგანიზაცია "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" შესახებ, თუმცა საჯარო რეესტრი აღნიშნული დასახელებით ორგანიზაცია არ იძებნება. 

"კურიერი" დაუკავშირდა ბესიკ ბოგველს მისი მოტივაციის დადგენის მიზნით. ბოგველმა უარყო, რომ ვინმეს დავალებით მოქმედებს.

კითხვაზე, საიდან მოიძიებს გირაოს თანხას, რომელიც 40 000 ლარს შეადგენს, ბოგველმა უპასუხა, რომ საჯარო განცხადების გაკეთებასა და ფულის შეგროვებას აპირებს. 

"ჩემთვის, ამ ეტაპზე, ფსიქოლოგიური სიმშვიდე და ის გარემოება, რომ სამუშაო სიტუაცია შეექმნას როგორც ერთ, ისე მეორე პარტიას, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მე შევთავაზე ასეთი წინადადება, მე ყოველთვის ვიღებდი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს, თუნდაც საყდრისთან მიმართებაში, ვმონაწილეობდი აქციებში პარლამენტის წინ და ა.შ.

თუ იქნება შესაძლებელი, გამოვძებნი თანხას, ათასი რესურსია, საჯარო განცხადებით დავიწყებ შეგროვებას და, ვფიქრობ, შევაგროვებ ამ თანხას,"-აცხადებს ბოგველი

დღის ამბები