28 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
სიახლით დაწყებული და უშედეგოდ დასრულებული ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი - როგორ შეხვდნენ მოსკოვის განცხადებებს საქართველოში

კვლავ უშედეგოდ და კვლავ არანაირი გარღვევით - ჟენევის მოლაპარაკებები 52-ჯერზეც სიახლეების გარეშე დასრულდა, მაგრამ სიახლით დაიწყო - პირველად მოლაპარაკებების ისტორიაში საქართველოს პოზიციებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მინიჭებული უპირატესობა ამყარებდა. რუსეთმა არ შეიმჩნია, თუმცა მას განაჩენი პუნქტობრივად გაახსენეს.

ჟენევის მორიგ შეხვედრამდე ბევრი დრო და ამდენივე პრობლემა რჩება, რომელთა ნაწილის გადაჭრაც განსაკუთრებულ სისწრაფეს საჭიროებს. ასეთია უკანონოდ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის საკითხი, რომელთა გათავისუფლებაზეც საუბრისას რუსეთი თბილისს ისევ სხვაგან ამისამართებს და საკუთარ თავს პროცესისგან განყენებულად წარმოაჩენს.

ქართულ მხარეს უკვე მერამდენედ მოუწია იმის ყურება, თუ როგორ ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას რუსეთის წარმომადგენლობა მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების საკითხებზე მიდგა საქმე. ამას გარდა: ბორდერიზაცია, დაკავებები და მკვლელობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური დისკრიმინაცია და რეგიონების რუსიფიკაცია - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საკითხებისა რომელზეც ქართულმა მხარემ ყურადღების ცენტრში მოაქცია. მოსკოვს კი აქეთ აქვს პრეტენზიები, კერძოდ ქვეყნის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით

გეგმა მაინც უცვლელია. ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის მოსკოვის განცხადებები არც არაფერს ცვლის და არც არავის აკვირვებს - მიუხედავად იმისა, რომ მიმართვის ავტორებში საფრთხეს ხედავენ. სწორედ იმიტომ რომ საფრთხეს უსაფრთხოების გარანტიები დაახვედროს, საქართველოს, ოპოზიციის აზრით, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით მართებს დასავლეთისკენ სვლა.

"ქართულ ოცნებას" მოსკოვის განცხადებებმა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მაგალითი გაახსენა, რომელთა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მოსკოვი ასევე მუქარით ხვდებოდა, თუმცა ვერაფერს გახდა. ხელისუფლება გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების იმ განცხადებასაც, სადაც მოსკოვმა თქვა, რომ თბილისი ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს უნდა ესაუბროს.

საერთაშორისო მოლაპარაკებები ივნისში გაგრძელდება, ისევ ჟენევაში, ისევ პარტნიორების თანდასწრებით და ისევ იმ პრობლემათა ჩამონათვალით, რომელიც მოსკოვში არარსებული პოლიტიკური ნების გამო არ იცვლება და დღითიდღე ფართოვდება.

დღის ამბები