28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
NGO-ების 6 პუნქტიანი გეგმა, შარლ მიშელის დოკუმენტის შემდეგ - რას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი დიალოგის მხარეებს

მედიაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე არასამთავრობო სექტორი მხარეებს მოლაპარაკებისთვის 6 პუნქტიან გეგმას სთავაზობს. არასამთავრობოების შეთავაზება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ასევე 6 პუნქტიან ჩარჩო - დოკუმენტს ემყარება, თუმცა მისგან განსხვავდება. ჩატარდეს თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, განხორციელდეს რეფორმები სასამართლოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, გათავისუფლდნენ დაკავებული პოლიტიკოსები და თანაბრად გადანაწილდეს საპარლამენტო თანამდებობები - ეს არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზების მთავარი წინადადებებია, ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ კი მესამე სექტორი ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

მოთხოვნები მისაღებია ოპოზიციისთვის, მეტიც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდაზე მესამე სექტორის მიერ წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი განიხილებოდა კიდევაც, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" მათ შესრულებაზე უარი განაცხადა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ განიხილავენ ყველა იმ წინადადებას, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს, თუმცა, საკუთარ მოთხოვნათა ჩამონათვალში ცვლილებები არ შეაქვთ.

უცვლელია მმართველი გუნდის პოზიციებიც, მიუხედავად ამისა, "ქართულ ოცნება" მესამე სექტორის წინადადებების განხილვას არ გამორიცხავს. მმართველი გუნდის შეფასებით შეთავაზებული პუნქტები პარლამენტში მსჯელობას საჭიროებს, ამიტომ ჯერ ოპოზიციას საკანონდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდებენ, შემდეგ კი რეფორმებზე მუშაობას სთავაზობენ.

იქნება თუ არა შეთანხმების რესურსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ეს დიალოგის მორიგ რაუნდზე გაირკვევა, სწორედ მედიაციისას გაირკვევა მოხვდება, თუ არა მოლაპარაკების მაგიდაზე მესამე სექტორის რეკომენდაციები.

დღის ამბები