28 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
შურისძიება 16 წლის შემდეგ - ერთი სოფლის ორი მკვლელობა და უდანაშაულო მსხვერპლი

გახდა თუ არა გუშინ გურჯაანში მომხდარი მკვლელობის მიზეზი 16 წლის წინ ჩადენილი დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად სწორედ შურისძიება განიხილება.

2005 წელს 23 წლის მამაკაცს ჩუმლაყში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, სასიკვდილო ჭრილობებით ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარის გამო სამართალდამცველებმა მაშინ მოკლულის თანასოფლელი დააკავეს. წლების წინ მომხდარი მკვლელობის დეტალები დღეს მოკლული ახალგაზრდის მამამ "კურიერთან" გაიხსენა.

ჩადენილი დანაშაულისთვის მალხაზ ბადუაშვილმა სასჯელი მოიხადა, თუმცა ახლა, სავარაუდოდ, თავად გახდა შურისძიების მსხვერპლი, მის კუთვნილ ავტომობილში, სადაც ოთხნი ისხდნენ, გუშინ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შეტევის შედეგად ბადუაშვილი და მისი თანმხლები პირები მძიმედ დაიჭრნენ, მანქანის მძღოლი კი ადგილზევე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. მათ წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები და მჭიდები ამოიღეს.

39 წლის იმედა ჩიქობავა, რომელიც სავარაუდო შურისძიების მსხვერპლი შემთხვევით გახდა, კახეთიდან სენაკში, საკუთარ სახლში, უკვე გადაასვენეს, მას ექსპერტიზები ჩაუტარდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან - ავტომობილში მსხდომი 3 პირი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 16–20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები